English / ქართული / русский /
თეა კასრაძე
ოფიციალური ფინანსური ნაკადები – განვითარების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო

ანოტაცია. თანამედროვე სამეცნიერო ნაშრომებსა და კვლევებში, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებსა და გამოცემებში ხშირად გვხვდება ტერმინი „განვითარების დაფინანსება“. ფართო საზოგადოებისთვის იგი საგარეო გრანტებთან, შეღავათიან სესხებს და დახმარებებთან ასოცირდება და კონკრეტულად თუ რა სახის დაფინანსებას გულისხმობს, რა არის ამგვარი დაფინანსების დანიშნულება/მიზანი და როგორია რეალურად მისი შედეგები, ხშირად გაუგებარი და ბუნდოვანია. სწორედ ამ საკითხებში მცირედი სიცხადის შეტანას ემსახურება წარმოდგენილი ნაშრომი.

საკვანძო სიტყვები: განვითარება, განვითარების ოფიციალური დაფინანსება, ათასწლეულის განვითარების მიზნები, მდგრადი განვითარების მიზნები

შესავალი

თანამედროვე სამეცნიერო ნაშრომებსა და კვლევებში, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებსა და გამოცემებში ხშირად გვხვდება ტერმინი „განვითარების დაფინანსება“ Financing for Fevelopment (FfD). იგი გულისხმობს მთელ მსოფლიოში მდგრადი განვითარების ხელშეწყობას საჭირო პოლიტიკისა და რესურსების ყოვლისმომცველი, ინტეგრირებული უზრუნველყოფით [1].

ფართო საზოგადოებისთვის იგი საგარეო გრანტებთან, შეღავათიან სესხებსა და დახმარებებთან ასოცირდება და კონკრეტულად თუ რა სახის დაფინანსებას გულისხმობს, რა არის ამგვარი დაფინანსების დანიშნულება/მიზანი და როგორია რეალურად მისი შედეგები, ხშირად გაუგებარი და ბუნდოვანია.  სწორედ ამ საკითხებში მცირედი სიცხადის შეტანას ემსახურება წარმოდგენილი ნაშრომი. 

რა არის განვითარება და რით ფინანსდება იგი

განვითარება რთული, კომპლექსური ცნებაა. მისი უნივერსალური განმარტება და შესაბამისად, არც საზომი არ არსებობს, რადგან იგი გარკვეულწილად ადამიანების აღქმებსა და შეგრძნებებზეა დაფუძნებული და ხშირად ეს შეგრძნებები  სტატისტიკური მაჩვენებლების საწინააღმდეგოა.

ტრადიციული გაგებით, განვითრების ქვეშ ეკონომიკური ზრდა მოიაზრება. იგი არის პროცესი, რომლის დროსაც ქვეყანა და საზოგადოება ვითარდება, პროგრესირდება და უფრო მდიდარი ხდება. შესაბამისად, განვითარების ტრადიციულ საზომადაც ეკონომიკური მაჩვენებლები გამოიყენება, როგორებიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი  და მთლიანი ეროვნული პროდუქტი. განვითარების ამგვარი განმარტების ფესვები კოლონიურ პერიოდს უკავშირდება. 

მოგვიანებით შეიცვალა განვითარებაზე შეხედულებები. ახალი, უფრო თანამედროვე განმარტებით, განვითარება _ ეს არის ცვლილებების პროცესი, რომელიც აუმჯობესებს ადამიანების კეთილდღეობას, ცხოვრების ხარისხს, სოციალურ კეთილდღეობას და იძლევა მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებას. ეკონომიკური ზრდა შეიძლება განხილულ იქნეს ამგვარი განვითარების როგორც ხელშემწყობ, ისე ხელის შემშლელ საშუალებად. ამგვარი განვითარების საზომად უფრო მეტად ხარისხობრივი ინდიკატორები გამოიყენება, ვიდრე რაოდენობრივი, რომელთა მეშვეობით შეიძლება ცხოვრების ხარისხის გაზომვა.

უახლესი შეხედულებები განვითარების განსაზღვრებასთან დაკავშირებით მე-20 საუკუნის ბოლოს ჩნდება, როდესაც ე.წ. მდგრადი განვითარების ცნება შემოდის.  მდგრადი განვითარება არის განვითარება, რომელიც ხელს უწყობს კეთილდღეობასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, სოციალურ კეთილდღეობასა და გარემოს დაცვას. იგი საუკეთესო გზაა ყველგან ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად [2].

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კაცობრიობამ განვითარების არსზე საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო ფიქრი, თუმცა 21-ე საუკუნიდან განვითარების სრულიად ახალი ერა იწყება, როდესაც 2001 წელს გაეროს წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები შეთანხმდნენ, რომ ხელი შეეწყოთ 2015 წლის ბოლომდე ათასწლეულის განვითარების რვა მიზნის მიღწევისთვის (Millennium Development Goals (MDGs)).

თეორიულად, MDGs ყველა ქვეყანას ეხებოდა, მაგრამ რეალურად ამ მიზნების მიღწევა ღარიბი განვითარებადი და ტრანზიტული ეკონომიკის ქვეყნებისთვის იქნა დასახული მდიდარი, განვითარებული ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით. თავდაპირველად 2001 წელს ჲნ ვარაუდობდნენ, რომ მიზნების მისაღწევად დამატებით წელიწადში $61 მილიარდი გარე დახმარება იქნებოდა საჭირო, შემდეგ ეს ციფრი 2002წ-ში $63-$72 მილიარდამდე გაიზარდა, 2005 წ-ში კი ფიქრობდნენ, რომ ეს ციფრი $82 - $152 მილიარდს შორის იქნებოდა.  2011 წლის დასაწყისში კი  OECD- ის განვითარების ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ   მხოლოდ პირველი 6 მიზნის მიღწევა გლობალურად წელიწადში $120 მილიარდზე მეტ დაფინანსებას მოითხოვდა, რაც მხოლოდ გარე დახმარებების ხარჯზე ვერ მოხერხდებოდა, მით უმეტეს რომ განვითარებული, მდიდარი ქვეყნების ეკონომიკები კრიზისში იმყოფებოდა. ანგარიში ღარიბი განვითარებადი და ტრანზიტული ქვეყნების შიდა რესურსების (გადასახადების და სხვა შემოსავლების) ამ მხრივ მიმართვის აუცილებლობაზე მიანიშნებდა.

განვითარებისათვის საჭირო ფინანსურ ნაკადებში შეიძლება 2 კომპონენტი გამოვყოთ [3]:

1. განვითარების ოფიციალური დაფინანსება (Official Development Finance (ODF)), რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს:

- საკუთრივ განვითარებადი ქვეყნის მთავრობის შემოსავლები (შიდა დაფინანსება), რომელთა ზრდა ამცირებს გარე დაფინანსების საჭიროებას;

- განვითარების ოფიციალური დახმარება (Official Development Assistance (ODA)) - ორმხრივ და მრავალმხრივ შეღავათიან  სესხებს და გრანტებს;

- ორმხრივ და მრავალმხრივ არაშეღავათიან დაფინანსებას (განვითარებადი ქვეყნების მთავრობების მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ან კერძო სექტორიდან მოზიდული ან გარანტირებული არაშეღავათიანი სესხები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ინფრასტრუქტურული ან სხვა შემოსავლიანი პროექტების დასაფინანსებლად);

2 კერძო საგარეო ფინანსებს, ძირითადად უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ან პორტფელური ინვესტიციების ფორმით, რომლებიც ძირითადად ზრდაზეა ორიენტირებული და არ გამოიყენება სოციალური მიზნებისთვის.

განვითარების დაფინანსებაში დიდ როლს თამაშობს კერძო დაფინანსება, თუმცა ჩვენ ამ ნაშრომში მხოლოდ ოფიციალურ დაფინანსებას შევეხებით. გავაანალიზებთ მათ წვლილს განვითარებადი და გარდამავალი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს განვითარების დაფინანსებაში. 

განვითარების ოფიციალური დაფინანსების შიდა წყაროები

განვითარების დაფინანსებაში განსაკუთრებული წილი ქვეყნის შიდა შემოსავლებს უჭირავს, განურჩევლად იმისა, მაღალშემოსავლიანია ქვეყანა თუ დაბალშემოსავლიანი. საჯარო ფინანსები წარმოადგენს მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი ინვესტიციების მთავარ წყაროს. 2011 წელს განვითარებადი ქვეყნების (ჩინეთისა და ინდოეთის გარდა) მიერ 2,8 ტრილიონი დოლარი იქნა მობილიზებული განვითარების დასაფინანსებლად, საიდანაც 2,3 ტრილიონი მთავრობების მიერ შიდა შემოსავლების სახით მობილიზებული სახსრები იყო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია თუმცა, იგი ვერ აკმაყოფილებს მდგრადი განვითარების მიზნების საერთო მოთხოვნებს [4]. ბოლო წლებში ბევრმა განვითარებადმა ქვეყანამ გააუმჯობესა გადასახადების მშპ-სთან თანაფარდობის მაჩვენებელი, მაგრამ განვითარებადი და განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს შორის კვლავ დიდი სხვაობაა.

 

დიაგრამა 1. საგადასახადო შემოსავლების მშპ-სთან თანაფარდობა %-ებში.

წყარო:https://data.worldbank.org/indicator/GC.TAX.TOTL.GD.ZS?locations=XN 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო ბევრად უსწრებს არა მარტო რეგიონის ქვეყნებს, არამედ ბევრ მაღალშემოსავლიან ქვეყანასაც, თუმცა, ბევრი განვითარებადი ქვეყნის მსგავსად, შიდა შემოსავლები საკმარისი არ არის განვითარების დასაფინანსებლად და კვლავ საჭიროებს გარე მხარდაჭერას.

 

დიაგრამა 2. საგადასახადო შემოსავლების მშპ-სთან თანაფარდობა საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებში %-ებში.

წყარო:https://data.worldbank.org/indicator/GC.TAX.TOTL.GD.ZS?locations=XN 

განვითარების ოფიციალური დაფინანსების გარე წყაროები

განვითარების საგარეო დაფინანსების წყაროებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს განვითარებისთვის ოფიციალურ ფინანსურ დახმარებას. არის ფულადი ნაკადები განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობისათვის გამოყოფილი, შეღავათიანია  და შეიცავს მინიმუმ 25%-იან გრანტ ელემენტებს. იგი არ  შეიძლება იქნეს გამოყენებული სამხედრო მიზნებისათვის. OECD განსაზღვრავს და პერიოდულად განაახლებს იმ განვითარებადი ქვეყნების სიას, რომლებზეც გაიცემა ODA. ამ ქვეყნებში წლიური შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 12 276 აშშ დოლ-ზე ნაკლები უნდა იყოს. ჯერ კიდეც 1970 წელს დაისახა გაერომ გრძელვადიან მიზნად განვითარებად ქვეყნებში ODA/GNI (Official Development Assistance/Gross National Income) ინდექსის 0,7%-იანი მაჩვენებლის მიღწევა, მაშინ როცა ეს ინდექსი ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, 2015 წლისთვის 3,29%-ს შეადგენდა[1].

ODA/GNI ინდექსი შემოსავლების მიხედვით დიფერენცირებული ქვეყნების კატეგორიებში 2015 წლისთვის ასე გამოიყურება:

მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანა _ 0%;

დაბალი შემოსავლების ქვეყანა _ 8,67%;

საშუალოზე დაბალი _ 0,8%;

საშუალოზე მაღალი _ 0,08%.

საიდანაც ჩანს, რომ  ოფიციალური ფინანსური დახმარებების წვლილი განვითარებად, დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში დიდია, რასაც, დადებით ეფექტებთან ერთად, რიგი უარყოფითი მხარეებიც აქვს. ოფიციალური ფინანსური დახმარებები შეიძლება საფრთხის შემცველი გახდეს ამა თუ იმ ქვეყნისათვის, რადგან ჩნდება მასზე „დამოკიდებულების“ პრობლემა.

განვითარებისთვის გამოყოფილმა ოფიციალური ფინანსური დახმარებების მთლიანმა მოცულობამ მსოფლიო მასშტაბით 2016 წელს ახალ პიკს - 142,6 მილიარდ აშშ დოლ-ს მიაღწია, რაც 8,9%-იანი ზრდაა 2015 წელთან შედარებით[2].   მსოფლიო  ODA/GNI ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 0,178% 2000 წელის შემდგომ 2012 წელს დაფიქსირდა, 0,196% იყო 2013 წლისათვის, 0,204% კი 2014 წლისათვის. 2015 წელს ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა. მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე საერთაშორისო ფინანსური დახმარების წილი 21 აშშ დოლარს შეადგენს[3].  მეტი ინფორმაციისთვის გრაფიკულად წარმოვადგენთ მსოფლიოს, საქართველოსა და რეგიონის ზოგიერთი ქვეყნის  განვითარებისთვის 2007-2015 წლებში ოფიციალური  ფულადი ნაკადების დინამიკას.

დიაგრამა 3. განვითარების მთლიანი ოფიციალური ფინანსური ნაკადები,

მლნ აშშ დოლ.

წყარო:http://www.oecd-ilibrary.org/development/data/oecd-international-development-statistics/total-official-development-financing-odf_data-00071-en 

საქართველოსა და რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში განვითარებისათვის ოფიციალური ფინანსური რესურსების დინამიკა 2007-2015 წწ-ებში ასე გამოიყურება:

 

დიაგრამა 4. განვითარების ოფიციალური ფინანსური ნაკადები საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში, მლნ აშშ დოლ.

წყარო:www.worldbank.org ,data from “Net official development assistance and official aid received, current us$”

რეგიონში განვითარების ოფიციალური დაფინანსების ანალიზისათვის წარმოვადგენთ სტატისტიკას  განვითარებისთვის მიღებულ წმინდა რესურსებს, როგორც მთლიანი ეროვნული შემოსავლის პროცენტს (ODA/GNI): 

დიაგრამა 5. ODA/GNI ტენდენცია საქართველოსა და რეგიონი სსხვა ქვეყნებში

წყარო: http://databank.worldbank.org/data/reports.aspx?source=2&series=DT.ODA.ODAT.GN.ZS&country 

ეს უკანასკნელი გრაფიკი ცხადყოფს, რომ საქართველოში, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ოფიციალური დახმარებების მოცულობა ერთობლივ ეროვნულ პროდუქტთან მიმართებაში კლების ტენდენციით ხასიათდება, მაგრამ კვლავ საკმაოდ მაღალია და დაფიქრებას საჭიროებს.  დადებით ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს ცენტრალური ხელისუფლების ხარჯებში ODA-ს პროცენტული წილის კლება, რაც განვითარების დაფინანსების შიდა წყაროს ზრდაზე მიგვანიშნებს. 

დიაგრამა 6. წმინდა განვითარების ოფიციალური დახმარება

(%-ულად საქართველოს მთავრობის ხარჯებთან მიმართებაში).

წყალი: https://data.worldbank.org/data-catalog/world-development-indicators

რაც შეეხება სახელმწიფო და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ სესხებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და სხვა წყაროებიდან, მათი წვლილი განვითარების დაფინანსებაში, სხვა წყაროებთან შედარებით მცირეა ნებისმიერი კატეგორიის ქვეყანაში.

დასკვნა

ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის ვადები  2015 წელს ამოიწურა. როგორც ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია ცხადყოფს საკმაოდ დიდი შიდა და  საგარეო ფინანსური ნაკადები იქნა მობილიზებული განვითარების მიზნების მისაღწევად, მაგრამ მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, მოიხმარს რა დღეში 1,25$- ზე ნაკლებს (მსოფლიო ბანკის კრიტერიუმით) და 800 მლნ ადამიანზე მეტს არ აქვს სკმარისი საკვები.

სწორედ ამიტომ  შემუშავდა  მდგრადი განვითარების 17 მიზანი (sustainable Development Goals (SDG))[5], რომლის მიღწევის ვადად 2030 წელი განისაზღვრა. SDGs-ის, ისევე, როგორც MGD-ის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საჭირო ფინანსების მოძიებაა. მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში საჯარო ფინანსებს და დახმარებებს უდიდესი როლი აკისრია. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, SDG-ს მიზნების მისაღწევად საჭირო თანხების 50-80% სწორედ შიდა რესურსებით უნდა დაფინანსდეს, რის უპირველეს წყაროდაც ეკონომიკური ზრდა უნდა იქცეს. MDG-ს ცხადად არ აკეთებდა აქცენტებს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე, SDG-ს მე-8 მიზანის - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა - ორიენტირს კი მშპ-ს წლიური 7%-იანი ზრდა წარმოადგენს დაბალგანვითარებულ ქვეყნებში.  სწორედ ეკონომიკური ზრდა არის მიზნების მისაღწევად საჭირო უზარმაზარი ფინანსური რესურების მობილიზების მნიშვნელოვანი პირობა. დიდია ODA-ს წვლილიც. 2016 წელს ჯამურმა განვითარების ოფიციალურმა დახმარებამ პიკს - 142.6 მილიარდ დოლარს  მიაღწია.  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კერძო ინვესტიციების წვლილიც SDG-ს მიღწევაში. თუმცა, კერძო ინვესტიციების მოძიება მდგრადი განვითარების დასაფინანსებლად ბევრ წინააღმდეგობასთანაა დაკავშირებული. მდგრადი განვითარების სექტორში ინვესტიციების მიმდინარე  დონე წლიურად 2,5 ტრილიონ დანაკლისს განიცდის. ექსპერტთა მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით კი მომავალ პერიოდში განვითარებადი ქვეყნებისათვის საინვესტიციო საჭიროება 3,3-დან 4,5 ტრილიონ აშშ დოლარამდე შუალედში იქნება.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ, მართალია, ფინანსები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განვითარებისთვის, მაგარამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობებს, რომლებსაც მეტი შემოსავლები აქვთ, უფრო დიდი პროგრესი აქვთ ამ მიმართულებით. კარგი ინსტიტუტები და გამჭვირვალე, ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული მმართველობა ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს განვითარების მიზნების მიღწევაში.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Financing for Development, https://ec.europa.eu/europeaid/policies/financing-development_en

2. Promote Sustainable Development, http://www.un.org/en/sections/what-we-do/promote-sustainable-developme

nt/

3. Homi Kharas (2014). Financing for Development: International Financial Flows after 2015,ttps://www.brookings.edu/research/financing-for-development-international-financial-flows-after-2015/,

4. The Guardian, Sustainable development goals: all you need to know (2015), https://www.theguardian.com/global-development/2015/jan/19/sustainable-development-goals-united-nations

5. Bizikova L. Denton P. (2017). How Should We Measure Sustainable Development? http://www.huffingtonpost.ca/development-unplugged/sustainable-development-goals_b_9829340.html